შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით სამართალდამცველებს მიმართავს.
მერაბიშვილი აცხადებს, რომ არჩევნებზე სამართალდამცველებს უპირისპირდება სამი მთავარი მტერი - მოსყიდვა, კრიმინალი და რუსი აგენტები.
როგორც მან აღნიშნა, თუ სამართალდამცველები მოქალაქეების ნებას არ დაიცავენ, მმართველი გუნდის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი სწორედ ამ სამი ინსტრუმენტის დახმარებით გაიმარჯვებს.
„ეს არჩევნები არის ძალიან პრინციპული იმიტომ, რომ ამ დღეს ჩვენ, სამართალდამცველებს, გვიპირისპირდება ჩვენი თავის სამი მთავარი მტერი - მოსყიდვა, კრიმინალი და რუსი აგენტები. ჩვენ ამ ერთ დღეს ან დაგვამარცხებს ივანიშვილი ამ სამი ინსტრუმენტით - მოისყიდის ქართველ ამომრჩეველს, კრიმინალები დააშინებენ ხალხს და რუსი აგენტები განსაზღვრავენ პოლიტიკურ დღის წესრიგს, ან ჩვენ ყველანი ერთად, დავიცავთ ჩვენი ხალხის ნებას და უზრუნველვყოფთ, რომ საქართველოში აღარ დადგეს საფრთხე არც მოსყიდვის არც კრიმინალის და რუსეთმა გადაწყვიტოს საქართველოს ბედი“, - აცხადებს მერაბიშვილი.
შეგახსენებთ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება. წლევანდელი არჩევნები პროპორციულთან მიახლოებული სისტემით, 120/30 ჩატარდება. 120 დეპუტატს ქვეყნის მოსახლეობა პროპორციული წესით, 1%-იანი ბარიერით აირჩევს, 30-ს კი - მაჟორიტარული წესით.